მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და m²-ის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი ეწვივნენ აღნიშნულ მომსახურებას და ოფიციალურად გახსნეს იგი.
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის.
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24 საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას.