ევროკომისიის წარმომადგენლების ვიზიტი m²-ის მშენებარე ობიექტზე

2018-03-21

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უძრავი ქონების დეველოპერის, m²-ის მიერ განხორციელებული მასშტაბური ენერგოეფექტური პროექტი მოინახულა.

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უძრავი ქონების დეველოპერის, m²-ის მიერ განხორციელებული მასშტაბური ენერგოეფექტური პროექტი მოინახულა. ეს სამშენებლო ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) და ფონდმა მწვანე ზრდისთვის (Green for Growth Fund) დააფინანსა. იგი ერთ-ერთია ენერგოეფექტურობაზე მიმართულ მრავალ ინიციატივას შორის, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.

ვიზიტის დროს განიხილეს ზომები, რომელიც m²-მა მიღებული მხარდაჭერის წყალობით განახორციელა, მათ შორის, საცხოვრებელი შენობების თბოიზოლაცია, თანამედროვე საქვაბე და სხვა მოწყობილობების დამონტაჟება, უკეთესად იზოლირებული ფანჯრებისა და კარების მოწყობა. სავარაუდოდ, ამ ინიციატივის ფარგლებში აგებული 801 საცხოვრებელი ბინა წლის განმავლობაში იმდენად ნაკლებ CO2 გამოყოფს, რომ წელიწადში 210,000 დარგული ხით მიღებულ სარგებელს უტოლდება.

ევროკავშირის სახელით კატარინა მატერნოვამ განაცხადა: "ყველაზე იაფი ენერგია არის ის, რასაც არ მოიხმართ. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებელია ენერგომოხმარებისა და მავნე გამონაბოლქვის შემცირება და ამაზე დაყრდნობით მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კლიმატის დაცვისთვის. სწორედ ეს არის ის, რასაც ევროკავშირი საქართველოში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს. ჩვენ ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დავიწყეთ განხილვები, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით. მოხარული ვარ, რომ უკვე განვახორციელეთ კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მთავრობასთან და განვითარების პარტნიორთან და ამ პროექტის სახით დავინახეთ ენერგოეფექტურობის სარგებლის ნათელი მაგალითი”.

m²-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ - შორენა დარჩიაშვილმა, ვიზიტის დროს აღნიშნა: "m² 2014 წლიდან ამკვიდრებს ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობის სტანდარტს საქართველოში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა. ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით კი ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად ზოგავს გარემოს რესურსებს."

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) დირექტორმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა: "2014 წლიდან GGF მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური ნაგებობების მშენებლობას. m²-ის პროექტი წარმოადგენს ფონდის მიერ ენერგიის დაზოგვასა და CO2 შემცირების ხელშეწყობის თვალსაჩინო მაგალითს. ევროკომისია ფონდის დიდი ხნის პარტნიორი და მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს პროექტი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფონდის მხარდაჭერა საქართველოში ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით”.

GGF-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობისათვის m²-ს მოეთხოვებოდა მინიმუმ 20%-ით უფრო ენერგოეფექტური შენობების აშენება, ვიდრე ამას სტანდარტული ქართული სამშენებლო პრაქტიკა ითვალისწინებს. სანაცვლოდ m²-მა ფონდიდან მიიღო 11.5 მილიონი აშშ დოლარის სესხი. GGF-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში m²-ის შენობების ენერგო აუდიტი ჩატარდა, რის საფუძველზეც მოხდა ყველაზე ეფექტური ღონისძიებების იდენტიფიკაცია და ამის საფუძველზე მაღალი ენერგოეფექტური სტანდარტების დაკმაყოფილება.